მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთ - მაჭარაშვილი

23.08.23 13:21
მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთ - მაჭარაშვილი

მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სკანდალური განცხადებების ნაცვლად იმაზე ღელავს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდეს და ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შესაძლო მეირთების ფაქტზე.

საქართველოს უკრაინიზაციას, ჩვენ აქ არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი, თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავგმობთ, ჩვენ ამას შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით იმ პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაში საერთაშორისო სასამართლოები მოგებული გვაქვს და ა.შ. ეს ფაქტები მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.