მედვედევის მუქარა - "ოცნება" მკაფიო პასუხის საჭიროებას ვერ ხედავს

24.08.23 15:34
მედვედევის მუქარა - "ოცნება" მკაფიო პასუხის საჭიროებას ვერ ხედავს

"რუსეთისგან რომ მოდის ყოველდღიურად საფრთხე, სწორედ აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ფრთხილად," - ასე ამართლებს "ქართული ოცნება" რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მუქარაზე ოფიციალური თბილისის დუმილს.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სიტუაციის გამწვავება არ სურს და სამშვიდობო პოლიტიკას აგრძელებს. 

რუსეთისგან რომ მოდის ყოველდღიურად საფრთხე, სწორედ აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ფრთხილად. პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ დააზიანოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ხელი არ შეუწყოს რუსული შოვინისტური, იმპერიალისტური ინტერესების განხორციელებას. სამწუხაროდ, არც ცენტრალურ ხელისუფლებას და არც იქ ადგილობრივ მარიონეტულ ხელისუფლებას არავინ არაფერს არ ეკითხება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე მედვედევის ვინმე მარიონეტს,“ - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "რამდენადაც შესაძლებელი იქნება" მშვიდობიანი მეთოდებით უპასუხებს ხელისუფლება რუსეთს.

ისეთი ტიპის განცხადებები, როგორიც მოვისმინეთ მედვედევისგან, ისეთი ტიპის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ თუნდაც შამბასგან, ის საქართველოს პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ის, რაც მედვედევმა განაცხადა ამას სავსებით სამართლიანად უწოდა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგრძელება ოკუპაციის. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დამოკიდებულება გულისხმობს ასევე ჩვენ მიერ არჩეულ გზას, რომ მშვიდობიანი მეთოდებით დავიბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია, ამიტომ ჩვენი პასუხი იქნება სადაც და რამდენადაც შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი მეთოდით,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დიმიტრი მედვედევმა გუშინ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ულტიმატუმი ასეთია - დასავლეთთან ინტეგრაცია ანექსიის ფასი დაგიჯდებათ