შემდეგ ძნელი იქნება ამ მატარებელში ჩასხდომა, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ერთადერთი, რაც ამას აფერხებს არის „ოცნება" - ჩიხლაძე
"რამდენიმე წელიწადში ეს პროცესები შეიძლება შენელდეს და შემდეგ ძნელი იქნება ამ მატარებელში ჩასხდომა, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ერთადერთი, რაც ამას აფერხებს ეს არის „ქართული ოცნება," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.
სერგო ჩიხლაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს.
იქნება ეს შარლ მიშელი თუ ევროკომისიის ლიდერები, ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები, აშშ-ს ლიდერები, ყველას გზავნილი არის მსგავსი და ისინი იმეორებენ, რომ საჭირო ნაბიჯების გადადგმის შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს საჭირო ნაბიჯებია: 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ, არც რეფორმებია შესრულებული და პოლიტიკურ ნებაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უახლოვდება რუსეთს და ჩინეთს და არა დასავლეთს.
მსოფლიოში აჩქარებულია გეოპოლიტიკური პროცესები, ამიტომ ახლა არის შესაძლებლობა იმისა, რომ წლის ბოლომდე გადამწყვეტი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რამდენიმე წელიწადში ეს პროცესები შეიძლება შენელდეს და შემდეგ ძნელი იქნება ამ მატარებელში ჩასხდომა, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ერთადერთი, რაც ამას აფერხებს ეს არის „ქართული ოცნება,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.