ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში მიშელის გზავნილს
ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს - შარლ მიშელი ევროპულ გაერთიანებაში ცვლილებებს აანონსებს. შარლ მიშელის თქმით, გაფართოების პროცესი იქნება რთული და მტკივნეული, თუმცა დროა, ევროკავშირმა წინ წაიწიოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას "პირველებთან" ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას "ქართული ოცნების" გამო ჩამორჩა.
„ქართული ოცნება“ ყველა საკუთარი ნაბიჯით და განცხადებით ემსახურება რუსეთს და პუტინის ინტერესებს. ეს ჩანს თითოეულ ნაბიჯში, სადაც ისინი აგინებენ ჩვენს მოკავშირეებს, მეგობრებს, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ხელფასების, პენსიების მატება, ჯანდაცვა და ა დროს ქებას იღებენ მოსკოვიდან, ლავროვისგან, მედვედევისგან და პუტინისგან. ამ პროცესში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ევროკავშირის პოლიტიკაში და დღის წესრიგში საქართველოს აღარ ესინჯება პულსი, ეს არის ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ შარლ მიშელის გზავნილი ნათელია და იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი მიიღოს საქართველომ, რაც ევროკავშირის წევრობას გულისხმობს, უმთავრესია ხელისუფლების ცვლილება.
უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან - საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია. ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადა, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ 2030 წელს და ყველაფერიო დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ეს არის ნათქვამი, ფაქტობრივად ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს ქართული ოცნების გამო საქართველო, მაგრამ ამოცანა გვაქვს კონკრეტული, ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხელისუფლება რომ სტატუსის მიღების საკითხით საბოტაჟირებს, ამაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოს სტატუსს მიანიჭებს, რადგან კარგად აცნობიერებენ პარტნიორი ქვეყნის ლიდერები, რომ ივანიშვილს საქართველოს ნახვა ამ კავშირის მიღმა სურს.
მე მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველო, ქართველი ხალხი მიღებს კანდიდატის სტატუსს და დიდი იმედი მაქვს ამის, რომ ქართველი ხალხი ამ სტატუსს მოიპოვებს მიუხედავად იმისა, რომ რუსული პარტია, ბიძინა ივანიშვილი საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს. საბოლოო ჯამში, ამას გაითვალისწინებენ და ჩვენ არ დაგვტოვებენ ასე ვთქვათ, კიდევ ათწლეულები ევროკავშირის მიღმა, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხელისუფლება, რუსული პარტია არის ჩვენი მოსაშორებელი და ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.