ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ - უსუფაშვილი კარასინის განცხადებაზე

29.08.23 11:54
ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ - უსუფაშვილი კარასინის განცხადებაზე

მიაღწევს თუ არა რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება.

კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.

მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას დებს და ამ დროს ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყანა პარალელურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან, ეს მოცემულობა დავით უსუფაშვილისთვის ტრაგიკომიკურია.

საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად, სწორედ ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, ასეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები სწორედ ევროპა, აშშ და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, ვენესუელამ და ა.შ. დაიწყონ აღიარების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დღემდე აღიარების პოლიტიკა რომ არის იქ, სადაც არის, ეს არის დემოკრატიული სამყაროს დამსახურება და არა რომელიმე ქართული ხელისუფლების დამსახურება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.