მიიღებს თუ არა რუსეთი ჩინეთისა და ინდოეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას - რას ამბობენ "ოცნებაში"

29.08.23 12:20
მიიღებს თუ არა რუსეთი ჩინეთისა და ინდოეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას - რას ამბობენ "ოცნებაში"

"პერსპექტივა ამას არ გააჩნია," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი გრიგორი კარასინის განცხადებას. როდესაც კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს მთავრობა არაღიარებაზე მუშაობს და ჯერჯერობით, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია ვერც ჩინეთთან და ვერც ინდოეთთან. ამის პარალელურად, დეპუტატი ოპოზიციას აკრიტიკებს და დარწმუნებულია, რომ თუკი კარასინის განცხადებას რაიმე გაგრძელება ექნება, ამით კმაყოფილი იქნება რადიკალური ოპოზიცია.

ჩინეთთან დაკავშირებით ერთი მყარად უნდა ვთქვათ და ინდოეთთანაც, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერი ქვეყნის, რასაკვირველია, განსაკუთრებით თუ ის აგრესიის ქვეშ არის, როგორც უკრაინა, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეს არის პოსტულატი მთავარი ერთ-ერთი ჩვენი პოლიტიკის, რომელზეც დგას დღევანდელი ხელისუფლება.
რასაკვირველია, აქ სრული თანხვედრაა ჩვენი პოზიციის ჩინეთთან და ინდოეთთან.

კიდევ არსებობს არაღიარების გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ საგარეო სისტემა მაქვს. 

პერსპექტივა ამას არ გააჩნია, მაგრამ ერთიც უნდა გვახსოვდეს, რუსეთს გააჩნია თავის სტრატეგიული ხედვა, ამოცანები, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებს, ხედვას და მომავალს. აქედან გამომდინარე, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს მათ შორის, სამხედრო, პოლიტიკურ მიმართულებებით, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით, ჯერჯერობით, ვერ მოუხერხებია ის, რომ  რამდენიმე ქვეყნის გარდა, დაიყოლიოს ამ უკანონო აღიარებაზე ოკუპირებული ტერიტორიების.

ამ ეტაპზე წარმატებულია ჩვენი ძალისხმევა და ალბათ, ყველას უნდა გვიხაროდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობენ ხალხი, ვისაც ეს არ უხარია. თუკი კარასინის განცხადების საფუძველზე რუსეთი რაღაცას მიაღწევს ეს იქნება ძალიან დიდი ზეიმის წინაპირობა, მიზეზი რადიკალური ოპოზიციის ფრთისთვის,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.