ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად იყო წარმატებული - კობახიძე კარასინზე
"ასეთი განცხადებები მოგვისმენია ჩვენ. მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით, იყო, ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გრიგორი კარასინის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების შედეგია ის, რომ არ არის გაზრდილი იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას... ასეთი განცხადებები მოგვისმენია ჩვენ. მაგრამ, ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით, იყო, ყველაფრის მიუხედავად, წარმატებული, - ამბობს კობახიძე.
კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.