ემსახურება ოპოზიციური პარტიების შევიწროებას - კუპრაძე ანტიკორუფციული ბიუროსთვის უფლებამოსილების გაფართოებაზე
"ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ხელი შეუშალონ ოპოზიციური პარტიების საქმიანობას," - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახალი ფუნქციის დამატებას.
საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პარტიების ფინანსებს აუდიტის სამსახურის ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.
კუპრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებს ოპონენტების დევნისთვის გამოიყენებს.
ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ხელი შეუშალონ ოპოზიციური პარტიების საქმიანობას, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და იყენებენ ყველა ტიპის არადემოკრატიულ მეთოდს იმისთვის, რომ შეავიწროონ ოპოზიციური პარტიების საქმიანობა და გაართულონ მათი ადმინისტრირება. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნაცნობი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორ უნდა დაარტყან მრავალპარტიულ დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
სექტემბრიდან პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია აუდიტის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. ცვლილების შემდეგ, პარტიები ვალდებული იქნებიან, შემოსავლები და ხარჯები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ - ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.