ვიცით, რომ ჩინელი ბიზნესმენები ჩადიან დღეს აფხაზეთში და ჩვენი მთავრობიდან რეაგირება არ არის, საშიშია - ალექსანდრე ასათიანი
"საქართველოს მთავრობა საგანგაშოდ არაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალექსანდრე კრევო-ასათიანი გრიგორი კარასინის მუქარას.
ასათიანი სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე დუმს და სხვა ქვეყნებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე აქტიურად არ მუშაობს.
საქართველოს მთავრობა საგანგაშოდ არაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ნორმალური ხელისუფლების პირობებში არც ინდოეთი და არც ჩინეთი იქნებოდა ასეთი საფრთხე. მაგრამ როცა ვიცით, რომ ჩინელი ბიზნესმენები ჩადიან დღეს აფხაზეთში და ჩინელი დიპლომატები ხვდებიან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენი მთავრობიდან არანაირი რეაგირება არ არის, ეს უკვე ძალიან დიდ რამეს ნიშნავს და ძალიან საშიშია,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.
კარასინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე მუშაობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია და დარწმუნებულია, რომ ბოლო ეტაპზე ამ ქვეყნებისგან აღიარებაზე თანხმობას მიიღებენ.