"საქართველოსთვის" გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება ენმ-ს - "ოცნება" ოპოზიციის სარჩელებზე

31.08.23 12:07
"საქართველოსთვის" გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება ენმ-ს - "ოცნება" ოპოზიციის სარჩელებზე

სარჩელი კახა კალაძის წინააღმდეგ - "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია. სახელისუფლებო პარტიაში თვლიან, რომ ოპონენტებს სარჩელი პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდებათ.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას თქმით, პარტია "საქართველოსთვის" იმავეს აკეთებს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა". ოთარ გრიგოლია ასევე გამოეხმაურა საელჩოებში წერილის შეტანას და ეს ინსტიტუციების უპატივცემულობად შეაფასა. 

მე ვურჩევდი პარტია "საქართველოსთვის", რომ ძალიან ნუ დაემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ, რომ ერთ ერთში იმეორებენ ყველა იმ მოქმედებას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, სირბილი პროკურატურაში, მერე დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც არსებითად ამის უკან არაფერი არ დგას, არგუმენტს ვერ გეტყვიან, რომ დაელაპარაკოთ შინაარსობრივ დისკუსიაში, რომ შეხვიდეთ ვერაფერს ვერ გეტყვიან. ერთი ერთში გაჭრილი ვაშლივით ემსგავსებიან "ნაციონალურ მოძრაობას". თქვენი აზრით, ნორმალურ სუვერენულ სახელმწიფოში შეიძლება ასეთი რაღაცით მივიდეს უცხო ქვეყნის საელჩოში ქვეყნის პოლიტიკოსი? ეს არის თავის არიდება. მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ბარბარეს, მაგრამ ეს არის თავის აგდება, ინსტიტუციების უპატივცემულობა. თქვენ იცით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენი გენერალური გეგმა დავამტკიცეთ? დაახლოებით 50-ზე მეტი, მხოლოდ 5-ზეა საუბარი, ანუ იმ დღესაც კი, რომელ დღეზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რასაც მოჰყვა აჟიოტაჟი დაგეგმილია ერთობლივად შეიკრიბნენ, როგორც ჩანს და ცდილობენ რაღაც მაქინაციებით, რომ საკითხი აწიონ მაღლა იქიდან გამომდინარე, რომ მათ დღის წესრიგში მოხვედრის სხვა არანაირი პერსპექტივა არ აქვთ", - ამბობს ოთარ გრიგოლია.

"ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ კახა კალაძეს გახარიას გუნდი უჩივის. პარტია "საქართველოსთვის" წევრები თბილისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. ოპოზიცია ითხოვს, რომ შოთაძის უწყებამ გამოძიება პოლიტიკური კორუფციის ნიშნით დაიწყოს, რადგან არსებობს ეჭვები, რომ თბილისში ცათამბჯენების მშენებლობას მწვანე შუქს კალაძე სწორედ ნაცნობი ბიზნესმენების ხათრით უნთებს.