პრეზიდენტი პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება"
"ოცნება" VS პრეზიდენტი - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის სტატუსის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "საქართველოს პრეზიდენტს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება".
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ "საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს".
მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ პრეზიდენტსა და "რადიკალურ ოპოზიციას" საერთო "პატრონი" ჰყავთ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტიც და ოპოზიციის ეს ნაწილიც პირდაპირ ლობირებს სტატუსის წინააღმდეგ. "მათ ჰყავთ საერთო პატრონი"- თქვა დღეს კობახიძემ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილზე სუაბრისას.
თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს EU-ს მოთხოვნებს, არ აკეთებს არაფერს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, ეს არის პირდაპირ ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამით ის უპირისპირდება პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს"- განმარტა ირაკლი კობახიძემ.