პრემიერის შემდეგ თალაკვაძეც ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი "ოცნებამ," გააკეთა
პრემიერ ღარიბაშვილის შემდეგ, არჩილ თალაკვაძეც ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი "ოცნებამ," გააკეთა.
არლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა. ამასთან, მისი აზრით, საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
თალაკვაძე თავს ესხმის ოპოზიციას და ამბობს, რომ ოპონენტებმა და კოლეგებმა დასავლეთის სახელით დაასამარეს ყველაფერი ევროპული და დიდი ხნით დაბლოკეს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ.
„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად რეალურად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი - ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ რეფორმების და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ყოველდღიური მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ამას აკეთებენ ჩვენი კოლეგები, რომლებმა დაასამარეს ყველაფერი ევროპული და დიდი ხნით დაბლოკეს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. რასაც თქვენ აკეთებდით ევროპის და დასავლეთის სახელით, ყველაფერი ეს რეალურად ანტიევროპული იყო. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, რადგან ევროპა არის, როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია; ევროპა არის, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას; ევროპა არის როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი და ინვესტორებმა იციან, რომ ქვეყანა, სადაც ინვესტიციას დებენ, დაცული იქნება და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ მშვიდობა შენარჩუნებული იყოს; ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, როგორც თქვენ ექცეოდით საკუთრებას; ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მოქალაქეებს; ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს ყოფილა; ევროპა არის კანონის უზენაესობა, როდესაც ყველას, მიუხედავად თანამდებობისა, მოეთხოვება, დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ პირობებში განახორციელოს თავისი მიზნები; ევროპა გახლავთ მრავალფეროვანი მედია და როგორც დღეს ვიგებთ, სწორედ ამ თავისუფალ მედიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური, ამოფარებული არიან კრიმინალები და კრიმინალით ნაშოვნი ფულით პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. საინტერესოა, ამაზე თქვენნაირი მამაცი მედიის დამცველების კომენტარები. რატომღაც ჩუმად ხართ და შეფასებას არ აკეთებთ, რადგან თქვენ გაწყობთ ის, რაც გამოაშკარავდა. ეს რომ მეორე მხარეს მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ დილიდან კრიტიკის მხარეს იქნებოდით.
საქართველო ობიექტურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სამართლიანად ეკუთვნის. ამ დარბაზში არიან ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ მოქმედებენ. ამასთანავე საქართველოს დატოვება სტატუსის გარეშე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია ექსკლუზიურად „ოცნების“ დამსახურებაა, პრეზიდენტს კი არაფერი გაუკეთებია.