აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ პანდემიის სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს.
მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.
თბილისის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.
„აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.