ისტორიულ ვიზიტამდე საათები რჩება - რას დაუდებს მაგიდაზე "ოცნება" ბორელს

06.09.23 15:49
ისტორიულ ვიზიტამდე საათები რჩება - რას დაუდებს მაგიდაზე "ოცნება" ბორელს

ევროკომისრის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილიდან იწყება. რამდენიმე საათში ჯოზეფ ბორელი თბილისში იქნება. უმაღლესი კომისარი პირველ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, ასევე შეხვდება პრემიერს და ოპოზიციასაც.

მთავარი თემად დაანონსებულია კანდიდატის სტატუსი და პირობების შესრულების პროცესი. ვიზიტის პარალელურად კი ბრიუსელი ოცნების ქმედებებით შეშფოთებულია. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ოლიგარქის პარტიას ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება არ უნდა, ამის საფუძველს პოლიტიკოსებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და შეუსრულებელი პირობები აძლევთ.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, სტატუსის მისაღებად ძალისხმევა არ დაუშურებიათ. 

ევროკომისარის ვიზიტის შეფასებისას ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს ეტაპი დიდი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც საქართველო ევროკავშირში უნდა გააწევრიანოს.

ეს არის ევროკავშირის მხრიდან გამოხატვა მხარდაჭერის პირველ რიგში, საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმა ევროკავშირთან ურთიერთობებში და რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე პირაპირ იმ ადამიანთან, რომელსაც ავალია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ვისაუბროთ ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებზე. ეს ერთი ეტაპი, რომელიც უნდა იყოს დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელმაც საქართველო უნდა გააწევრიანოს ევროკავშირში. ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების პოზიციები ზოგადად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განიხილონ ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტის შესრულებასთან.

ძალიან დიდი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ამ ვიზიტისგან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებასთან არის დაკავშირებული", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.