საქართველოში დღეს ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

07.09.23 08:08
საქართველოში დღეს ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს, 7სექტემბერს ეწვევა.  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთანაც.