კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე - ბორელი

07.09.23 13:53
კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის წინ Civil.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

 ბორელმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში ევროკომისიის მიერ წარდგენილი ფართო ანგარიში საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ იქნება ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები გადაწყვეტილებას მიიღებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

"შედეგი სრულად არის დამოკიდებული საქართველოს მიღწევებზე. მე ვერ ვიწინასწარმეტყევლებ, რა შეიძლება ეწეროს შემოდგომის ანგარიშში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ბევრ მუშაობას მოითხოვს და 12-ვე პუნქტის შესრულება ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია". – ამბობს ბორელი.

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, ბორელმა გარკვევით თქვა, რომ სამწუხაროა, საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და სანქცირებული პირებისთვის საქართველოში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. 

"როგორც ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან და ქმედებებთან. შარშან, საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი უკვე დაბალი, 44% იყო, ამ მომენტში ეს მაჩვენებელი 43%-მდეა შემცირებული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშისთვის, ვინაიდან ჩვენი საგარეო პოლიტიკა კონსენსუსის შედეგად იმართება. 43%-იანი დაბალი შესაბამისობით, საქართველო აჩვენებს, რომ მას აქვს პოტენციალი, ზიანი მიაყენოს ამ კონსენსუსს. ეს არ არის ის, რასაც წევრი სახელმწიფოები მარტივად მიიღებენ. - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები