"დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი" - ნიკა მელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.
ნიკა მელიას თქმით, მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა და მისი საქმე ჯერ კიდევ "თაროზე დევს", ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საჭიროებისამებრ განაახლოს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო,
ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.
დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.
საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი".
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა," - წერს ნიკა მელია.