ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა - კალაძე "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "დროას" გაერთიანებაზე

07.09.23 16:07
ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა - კალაძე "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "დროას" გაერთიანებაზე

"ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი გაერთიანებები. ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, ზოგადად, რა წარმატებაზეა საუბარი?!" - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე პოლიტიკური პარტიების "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "დროას"  2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას.

კახა კალაძის თქმით, "არაფერი მოხდება" და ამბობს, რომ ბევრჯერ უნახავს ასეთი გაერთიანებები, მაგრამ საბოლო შედეგი ყველას ახსოვს.

„ზოგადად, რა წარმატებაზეა საუბარი?! არაფერი მოხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბევრჯერ გვინახავს ასეთი გაერთიანებები და საბოლო შედეგი რა იყო, ყველას გვახსოვს, იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, პარტია „დროა“ რუსეთისგან ფინანსდება და ხელისუფლებას ეძახის რუსულს. კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის პროქართული და ის ყოველთვის იცავს მოქალაქეების ინტერესებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

„საოცრებაა ეს ფაქტიც. ადამიანი რუსეთისგან თვითონ იღებს დაფინანსებას და დღევანდელ ხელისუფლებას რუსულს ეძახის, რომელთანაც პირდაპირ დაკავშირებულია ევროინტეგრაციის ის წარმატებული ნაბიჯები და წარმატება, რომელიც 2012 წლის შემდეგ მოხდა და ქვეყანამ მიაღწია. ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება. შესაბამისად, მათი პროპაგანდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არის ძალიან დიდი სიცრუე. საქართველოს ხელისუფლება არის პროქართული. იცავს ჩვენი ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, ზეწოლა, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის", - ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები