"არ შეხვიდეთ რაოდენობრივ შეფასებაში" - დარჩიაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებზე
როგორ ხვდება საქართველოს მთავრობა ჯოზეფ ბორელს - რამდენი რეკომენდაცია აქვს შესრულებული ხელისუფლებას - საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებს შესრულებული რეკომენდაციების დათვლას არ ურჩევს. როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, ყველა უნდა დაელოდოს ოქტომბერს, როდესაც ევროკომისია ანგარიშს გამოაქვეყნებს და შეაფასებს, რა შედეგი აქვს საქართველოს.
არ შეხვიდეთ რაოდენობრივ შეფასებაში, შეაფასეთ კონტენტურად, თუ რა გაკეთდა. ციფრებზე რომ არ ვილაპარაკოთ, უმჯობესია დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება კონკრეტული ანგარიში, თუ რამდენი რეკომენდაცია შესრულდა. ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით მყარად დგას ჩვენი ქვეყანა,“ - ამბობს დარჩიაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი გამოყოფს, მაგალითად, დეპოლარიზაციას და ამბობს, რომ ამ პუნქტის შესრულება მხოლოდ მთავრობაზე არ არის დამოკიდებული და ისრები კვლავ ოპოზიციისკენ გადააქვს.
რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე რომ ვსაუბრობთ, მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი დეპოლარიზაცია - ამის ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი დღეს ან ხვალ ან გუშინ შეუსრულებელია, ძალიან რთულია - ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული დეპოლარიზაციისთვის, არიან ამ პროცესის მონაწილეები, ვისაც ეს არ სურს,“ - ამბობს დარჩიაშვილი.
იმის მიუხედავად, რომ მინისტრი აღიარებს, ყველა რეკომენდაცია ამ ეტაპზე ქვეყანას შესრულებული არ აქვს, ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ჯოზეფ ბორელს "საკმაოდ მყარად" ხვდება.
ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს და სწორედ ამ ორი განზომილებით იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული ვიზიტის პირობებში, მას ექნება შეხვედრები ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს - ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა და გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე და უნდა მოხდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები.
საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა გასწია უდიდესი შრომა იმისთვის, რომ საქართველოს შეესრულებინა 12 პუნქტი, ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალა გაწია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განეხორციელებინა ის სამართლებრივი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სჭირდება 12 პუნქტის შესრულებას. ეს არ არის განყენებული სტატიკური პროცესი - ზოგადად, ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებით, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლება ბატონ ბორელს ხვდება საკმაოდ მყარად, იმ მიმართულებით, რომ ჩვენ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გავწიეთ და შევასრულეთ დღევანდელი გადასახედიდან ვალდებულებები,“ - ამბობს დარჩიაშვილი.