ბორელის ვიზიტით ჩანს, რომ ევროკავშირს არ უნდა, რომ დაიშალოს ასოცირებული ტრიო - კორნელი კაკაჩია
„ამ ვიზიტითაც და სხვა ვიზიტებითაც ჩანს, რომ ევროკავშირს არ უნდა, რომ დაიშალოს ასოცირებული ტრიო“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ჯოზეფ ბორელის თბილისში ვიზიტს.
როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თბილისში ჩამოსვლა უმნიშვნელოვანესია და ვარაუდობს, რომ მას რამდენიმე გზავნილი ექნება ხელისუფლებისთვის - მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და დაკისრებული ვალდებულებები, რომლის შესასრულებლადაც ხელისუფლებას მცირე დრო აქვს. საუბარი იქნება მოახლოებულ არჩევნებზეც და საქართველოს ხელისუფლების მზაობაზე - რამდენად შეესაბამება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისას.
ბორელის ვიზიტის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ხელახლა შეახსენოს ხელისუფლებას და მოისმინოს მისგან, თუ როგორ სრულდება ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გაცემული. ასევე ისაუბრებენ იმ საჭირბოროტო და გადაუწყვეტელ საკითხებზე, რომელიც ეხება იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედია თავისუფლებას და რაც მთავარია, როგორც მისი დღევანდელი ინტერვიუდან ჩანს, ის ისაუბრებს შიდა პოლიტიკაზე - რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა, ეს, სავარაუდოდ, ეხება პრეზიდენტთან იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხებს. ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ ასპირანტ ქვეყანას, რომელსაც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მას უნდა ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები და აქ ვერ ჯდება ის მოვლენები, რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება,“ - ამბობს კორნელი კაკაჩია.