პლატფორმის ნიშა არის გავაერთიანოთ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები - ლომჯარია ახალი პლატფორმის მიზნებზე
აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს? პირველ საჯარო ღონისძიებას საზოგადოებრივი პლატფორმის ეგიდით ნინო ლომჯარია ამ წუთებში მართავს. ნინო ლომჯარიას თქმით, პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად არ გადაკეთდება.
"ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის" - ეს არის მთავარი გზავნილი შეხვედრიდან. ყოფილი ომბუდსმენის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში უკვე ირიცხებიან მეცნიერები, მწერლები, მუსიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეები.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, პოლიტიკური ველის ტოქსიკურობის გამო, მოქალაქეები ევროინტეგრაციის პროცესში ვეღარ მონაწილეობენ. ახალი პლატფორმა, კი ყოფილი ომბუდსმენის თქმით, ამის შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკური შეხედულების მქონე პირებს.
სამწუხაროდ, პოლიტიკური ველი არის ძალიან ტოქსიკური და ამის გამო, საზოგადოება ერთგვარად დისტანცირებულია სამოქალაქო ინიციატივებისგან. პლატფორმის ნიშა არის, მათ შორის, ჩვენ გავაერთიანოთ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან ერთი იდეის - ანუ საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო, იმიტომ, რომ ეს არის იდეა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის თუ გემოვნების ადამიანებს,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.
პლატფორმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა კახა გოგოლაშვილიც, რომელიც თვლის, რომ ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების კონსოლიდაცია.
აუცილებელია კონსოლიდაცია ხალხის, მოქალაქეების იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. თავისთავად, მე სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ყველა ღონისძიებაში, ნებისმიერ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილი.
გია დვალიც თვლის, რომ ქვეყანაში არსებობს იმის საშიშროება, რომ საქართველო დაშორდეს ევროპას და ეს პლატფორმა საზოგადოებას რეალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენთვის, რომ არ დავშორდეთ ევროპას და ამის რეალური საშიშროება არსებობს და შესაბამისად, ეს პლატფორმაც და ნებისმიერი მოძრაობაც, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ევროპას არ დავშორდეთ და ეს ამოცანა მინიმუმი შევასრულოთ, რაც არის კანდიდატობის მოპოვება, ნებისმიერ ასეთ მოძრაობას აქვს ჩემი 100-პროცენტიანი მხარდაჭერა,“ - ამბობს გია დვალი.