"მელია დასაკავებელი იყო"... "20 ივნისზე პასუხისმგებლობა მელიას კი არა, გახარიას აქვს" - დაპირისპირება "რეაქციაში"
ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რეაქციაში“ დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.
პარტია „საქართველოს“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ნიკა მელია დასაკავებელი იყო და „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ 20 ივნისის ღამეს დაკავებულები დღეს ამნისტირებულები არიან.
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები. მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს. მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა. როდესაც ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა ამ ფორმით ამის გაკეთება, ეს რომ არ გაიგეს და არ გაითვალისწინეს და ისე უგუნურად გააკეთეს, როგორ გააკეთეს, შედეგის ის, რომ ამის ორგანიზატორები დღეს ამნისტირებულები არიან,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
მიხეილ დაუშვილის განცხადება მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ანი წითლიძისთვის. დეპუტატის თქმით, 20 ივნისზე პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას ეკისრება.
პასუხისმგებლობა 20 ივნისზე ნიკა მელიას კი არა, გახარიას აქვს, რომელსაც აუცილებლად მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. მელია თქვენ რომ დაიჭირეთ სრულიად უდანაშაულოდ, შემდეგ გამოიყენეს იმისთვის, რომ პარლამენტში ბოიკოტი დარღვეულიყო და რა პოლიტიკური პროცესები მოჰყვა, ეგ ყველაფერი გახარიას სინდისზეა, 20 ივნისს მელიას ბრალია, თვალები რომ დათხარეთ ხალხს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რომ 20 ივნისს თვალები დაეთხარათ ხალხისთვის, ძალიან დიდი უსინდისობაა, მელია დაადანაშაულო მაგაში,“ - მიმართა ანა წითლიძემ დაუშვილს.