"მარტივი შეხვედრა არ იყო" - დეკანოიძე ბორელთან შეხვედრასა და "ოცნების" რეაქციებზე

08.09.23 12:23
"მარტივი შეხვედრა არ იყო" - დეკანოიძე ბორელთან შეხვედრასა და "ოცნების" რეაქციებზე

"მარტივი შეხვედრა არ იყო", - ასე შეაფასა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრა "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატის თქმით, საკმაოდ მწვავე საკითხებზე ისაუბრეს ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დროს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც საკმაოდ მკაცრები იყვნენ ხელისუფლების მიმართ.

როგორც დეკანოიძე ამბობს, უმთავრესი საკითხი საქართველოს შეცვლილ საგარეო კურსს ეხებოდა, რადგან ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო კურსი თანხვედრაში უნდა იყოს. გარდა ამისა, საუბრის დროს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულად შეფასდა "ოცნების" მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესიც. 

მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ არ იყო მარტივი შეხვედრა. სპეციფიკურად, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საკითხი და არა მხოლოდ. ოპოზიციის პოზიცია რაც იყო, ვისაუბრეთ, რაც გვაწუხებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც არიან პროევროპული და ნამდვილად საქართველოს ადგილი ევროპაშია, დღევანდელი ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის ზუსტად ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. პირველ რიგში, ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს.

ასევე ის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე არის საუბარი და ასევე, საარჩევნო გარემო და არჩევნებზე ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და დახმარება, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ვისაუბრეთ ასევე ის დაბრკოლებები, რაც გვაქვს," - ამბობს დეკანოიძე.

დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო კოდექსი, დეპოლარიზაცია, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები - განსახილველ საკითხთა შორის, დეკანოიძის ინფორმაციით, ეს თემებიც მოხვდა. 

ბატონმა ბორელმა თქვა შემდეგი საკითხები, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის და საქართველოსი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში. ის, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ამაში ევროკავშირს წვლილი შეაქვს ევროკავშირს, როგორც ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება, სუფთა რუსული პროპაგანდაა - მან ღიად და დაუფარავად უპასუხა სწორედ ამაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს.

ის, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ესეც ასევე ხისტად იყო ხაზგასმული, იყო ხაზგასმული იყო რომ დეოლიგარქიზაციაზე სისტემური მიდგომა, საარჩევნო კოდექსი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც დეპოლარიზაციის ნაწილია და აქ ხაზი გასვა ინკლუზიურობას, ჩართულობას სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომელიც როგორც იცით, ხელისუფლებამ  ყველა შეხვედრიდან გამოაგდო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბორელის მკაცრ გზავნილებს როგორ პასუხობდა საპარლამენტო უმრავლესობა - როგორც დეკანოიძე ამბობს, სახელისუფლებო გუნდის წევრებს ხისტი და საყვედურით სავსე განცხადებები ჰქონდათ. 

ხელისუფლების მხრიდან იყო მეტ-ნაკლებად ხისტი პოზიცია. შეხვედრის დეტალებს ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ხელისუფლების პოზიციაზე, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მოლდოვას და უკრაინას ეკუთვნოდა და შარშან რატომ არ იყო მიცემული კანდიდატის სტატუსი, ეს იყო ის საყვედური, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები ეუბნებიან ხოლმე, ამაზე იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს შესასრულებელი ვალდებულებები აქვს.

ბორელის მხრიდან ხაზგასმული იყო ის, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება რეკომენდაციების შესრულება და ოქტომბერში გამოქვეყნდება, ხაზგასმით ითქვა, რომ სამი კვირა დარჩა, რადგან როგორც ჩანს, მთელი ეს საინფორმაციო ველი და რეკომენდაციებზე ინფორმაცია იქნება სექტემბრის ბოლოს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.