მთავრობამ ევროკავშირს 7-პუნქტიანი გეგმა გადაუგზავნა, როგორ უნდა მოისპოს ოლიგარქიული სისტემები - უსუფაშვილი
"ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ტაქტიკას ცვლის. ბორელთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელისუფლებო გუნდმა ევროკავშირს 7-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლის დახმარებითაც შეეცდება ოლიგარქიული სისტემის აღმოფხვრას.
ეს ინფორმაცია მედიას "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მიაწოდა. შეხვედრიდან გამოსული დეპუტატი ამბობს, რომ რა წერია მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის მიწოდებულ 7-პუნქტიან გეგმაში მათთვის უცნობია, თუმცა, მსგავს სისტემურ მიდგომაზე ჯერ კიდევ "ლელო" ერთი წლის წინ საუბრობდა.
დღეს გავიგეთ, რომ დეოლიგარქიზაციის თემაზე ჩვენი მხრიდან ერთი წლის წინ შეთავაზებული მიდგომა, რომ კანონპროექტი კი არ უნდა გამოაცხოთ, რომელიც არაფერს არ შეცვლის, არამედ კომპლექსური მუშაობაა საჭირო, დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამუშაო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები, ერთი წელი დავკარგეთ ამაზე, არ ვიცი დოკუმენტში რა წერია, მაგრამ თუ ნაბიჯები გადაიდგმება კარგია,“ - ამბობს უსუფაშვილი.