პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს - ღარიბაშვილი ბორელს

08.09.23 13:02
პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს - ღარიბაშვილი ბორელს

სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია - ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერის თქმით, ხელისუფლება ამ სამი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, თუმცა პრემიერმა ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც - ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, დაფიქსირდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და უფრო მეტიც, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო - 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგია და სამუშაო გეგმა. ეს ემსახურება დემოკრატიის გამყარებას, საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

აქვე მინდა გითხრათ, ბატონო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია, საუბარი მქონდა ჩვენს კოლეგებთან. გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, მივიღეთ კანონი, 1-2 კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასასახავს, ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას.

რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას, მინდა გითხრათ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, რომ სასამართლო უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე გამხდარიყო, ბოლო 10 წელში სრული ტრანსფორმაცია განიცადა. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიისგან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბერში და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილების განხორციელება.

ღარიბაშვილი ბორელს უმტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს და მას შემდეგ რაც სახელმწიფოს რეკომენდაციები განესაზღვრა ევროკომისიისგან, ქვეყანაში პოლარიზაციის დონე გამწვავდა. 

კიდევ ერთი რეკომენდაცია არის დეპოლარიზაცია, რომელიც შეუსრულებელია. დამეთანხმებით ეს კომპლექსური და რთული საკითხია. ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას დიდ პატივს ვცემთ, ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა 2020 წელს, გვაქვს თავისუფალი მედია, ძლიერი ოპოზიციური არხები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის ამ საკითხის დარეგულირება,.

ზოგადად, სამწუხაროდ, რაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ქვა, რომ ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალში რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამავე დროს, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებაა," - ამბობს ღარიბაშვილი.