"რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია" - რა გზავნილი ჰქონდა ბორელს მესამე სექტორთან

08.09.23 15:27
"რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია" - რა გზავნილი ჰქონდა ბორელს მესამე სექტორთან

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსული მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ბორელთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველომ წლის ბოლოს სტატუსი უნდა მიიღოს. 

"ჩვენი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება დღეს კანდიდატის სტატუსი და ვთხოვეთ მას მხარდაჭერა ამ პროცესში," - ეს განცხადება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბორელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნინო დოლიძის თქმით, ბორელის გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც მკაფიო იყო, რომ ეს პროცესი არის ორმხრივი - ჯერ საქართველოში რეფორმები უნდა გატარდეს, რის შემდეგაც ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ჩვენი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება დღეს კანდიდატის სტატუსი და ვთხოვეთ მას მხარდაჭერა ამ პროცესში, რომ ოქტომბერში მიიღოს რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდან და შემდეგ უკვე დეკემბერში საბოლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული იმის სასარგებლოდ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ბორელის მხრიდან მესიჯი იყო ის, რომ ეს არის ორმხრივი, ევროკავშირსაც ძალიან სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ახლაც ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა, მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ შესასრულებელია,“ - ამბობს ნინო დოლიძე.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, როდესაც არ აქვს რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული - მათ შორის, ჩასატარებელია სასამართლოს რეფორმა.

გზავნილები, რომლებიც გაისმა, ცხადი იყო, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი ამ პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით. აქ საუბარია ბევრ გამოწვევაზე, რომელიც მათ შორის, სასამართლოს მიმართულებით არსებობს, ასევე პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მედია გარემო და ა.შ. შეხვედრაზე მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და ასევე იმ მიზეზებზე, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.