უხერხულობა ვიგრძენი ისე აცდენილი იყო "ოცნების" რიტორიკა და ის ემოცია, რაც ბორელისგან მოდიოდა - რაქვიაშვილი შეხვედრის დეტალებზე

08.09.23 16:51
უხერხულობა ვიგრძენი ისე აცდენილი იყო "ოცნების" რიტორიკა და ის ემოცია, რაც ბორელისგან მოდიოდა - რაქვიაშვილი შეხვედრის დეტალებზე

„დღეს ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ალბათ, პირველად, უხერხულობა ვიგრძენი იმდენად აცდენილი იყო "ქართული ოცნების" რიტორიკა და ის ემოცია და გზავნილები, რაც ბორელისგან მოდიოდა,“ - ეს განცხადება „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილმა პარლამენტში ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დეტალებზე „დღის ამბებში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წარმომადგენლებს პრეტენზიებით ესაუბრებოდა და უმტკიცებდა, რომ ქვეყანას რეკომენდაციები შესრულებული აქვს. ამაზე კი ევროკავშირის წარმომადგენლებმა მკაფიოდ უთხრეს, რომ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხში საქართველო ჩამორჩება როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

შეხვედრაზევე ისეთი უცნაური პასუხი მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებისგან, რომ მე გაოგნებული ვუყურებდი და არც მესმოდა, რაზე საუბრობდნენ. არა მხოლოდ პრეტენზია წარუდგინეს - როგორ გეკადრებათ ჩვენ საერთოდ პირველი ქვეყანა ვართ, ჩვენ საერთოდ გვეკუთვნის ყველაფერი, კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას ვიცავთო, გაოგნებული ვუყურებდი, უხერხული იყო. დელეგაციის ერთმა წევრმა მკაფიო პასუხი გასცა, ასე არ არისო, რამდენიმე პარამეტრით უკეთესი მდგომარეობა გაქვთ, ვიდრე უკრაინას და მოლდოვასო, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარამეტრით ჩამორჩებითო, იმდენად მკაფიო პასუხი მიიღეს, ამის მერე აღარ განმეორებულა,“ - ამბობს რაქვიაშვილი.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, მკაფიო იყო ევროკავშირის პოზიცია - მათ სურთ, რომ დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მისცენ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხრიდან რეალური რეფორმების გატარების იმედი არ აქვთ. ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელისუფლებო გუნდს მოუწოდეს, რომ ფორმალურად მაინც მოახერხონ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხელისუფლების ოპონენტებს პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდეს.

ვინც აკვირდებოდა ბორელის და ღარიბაშვილის პრესკონფერენციას, დაახლოებით, იგივე განმეორდა. მთავარი რაც იყო, პირველ რიგში, ბორელის განწყობა იყო ისეთი, რომ ევროპელებს ძალიან  უნდათ სტატუსი მოგვანიჭონ, მიხვდნენ რომ „ქართული ოცნება“ ამ 12 პუნქტს არ შეასრულებს და 12 პუნქტი დაილექა რამდენიმე ტექნიკურ დეტალამდე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეთ მაინცო და კანონში რამე ქენითო. ცესკოს თავმჯდომარე აირჩიეთ წესიერადო და იქნებ რამე დეოლიგარქიზაცია მოიგონეთო და თუ შეიძლება ერთად გააკეთეთ,რომ ამ ნაწილში მაინც პოლარიზაცია დაასრულოთო. ფაქტობრივად, გულშემატკივრის პოზიციაში იყვნენ - არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას, თქვენს გვერდით ვართ, რაც შეიძლება პრიმიტივამდე დაწიეს - იკითხებოდა, რომ იმედი არ ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმას მართლა ჩაატარებს, პრინციპულად შეცვლის რამე პოლიტიკურ გარემოს და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ევროპელებიც მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ ამათგან არაფერი გამოვა,“ - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.