პრეზიდენტი ერთი ჩემოდნით და ეულად ევროპაში - რთული გზის ექსკლუზიური დეტალები

09.09.23 21:11
პრეზიდენტი ერთი ჩემოდნით და ეულად ევროპაში - რთული გზის ექსკლუზიური დეტალები

მეხუთე პრეზიდენტის რთული გზის უთქმელი ამბები - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა და ასაჯაროებს პრემიერისა და პრეზიდენტის მიმოწერას, რომელიც სწორედ ევროპაში ვიზიტს და მასზე უარის თქმას შეეხება. 

ეს ისტორია 12 ივლისს დაიწყო, ამ დღეს პრეზიდენტმა პრემიერს წერილი მიწერა. სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიაში გამგზავნების უფლება სთხოვა და თან აუხსნა, რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი ევროპული ტურნე.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა სალომე ზურაბიშვილის წერილის ასლი. აქ პრეზიდენტი პრემიერს უსაბუთებს, რომ ახლა ქვეყანას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება და ამიტომ გერმანიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაემგზავროს. 

ღარიბაშვილმა პრეზიდენტს 22 დღე არ უპასუხა. "შაბათის ეთერის" ხელშია საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციიდან სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილიც. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიის დღეს მიწერა - არა. პრემიერმა პრეზიდენტს არც კი აუხსნა, რატომ არ აძლევდა საქართველოსთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ევროპელ ლიდერებთან გამგზავრების უფლებას. 

ამის შემდეგ პრეზიდენტმა საკუთარი დანაზოგით ბერლინში გასამგზავრებელი ავიაბილეთი იყიდა  და შტაინმაიერთან შეხვედრაზე ჩავიდა. პრეზიდენტი იყო მარტო. არც საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია, არც ადმინისტრაციის თანამშრომლები,  არც პრესსამსახური, არც მისი გუნდის რომელიმე წევრი ზურაბიშვილთან არ ყოფილა.  

გერმანიაში, შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო. ბერლინიდან სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მატარებლით გაემგზავრა. 100 ევრო ბილეთი, 9 საათი გზაში და ოთხი გადაჯდომა. ბრიუსელის რკინიგზის სადგურში ჩასული პრეზიდენტი, პირდაპირ ევროკომისიის შენობაში მივიდა.

ბრიუსელის შემდეგ იყო პარიზი და წინასწარ დაუგეგმავი შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან. სალომე ზურაბიშვილის ძმა გვიყვება, რომ ეს შეხვედრა სასწრაფოდ დაიგეგმა. საფრანგეთის პრეზიდენტს ბევრი საშინაო საქმე და რთული პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა თუმცა ამის მიუხედავად საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეხვედროდა და მისთვის მხარდაჭერა გამოეხატა. 

სად იყო საქართველოს ელჩი საფრანგეთში როცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს ხვდებოდა? - ქართველი დიპლომატი საპარლამენტო უმრავლესობის ორ დეპუტატს, გაგა კახიანს დავით კაჭარავა და მათ მეუღლეებთან ერთად, ლუქსემბურგის სასახლეში იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატები საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასი მიღებაზე იყვნენ ჩასული.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი თბილისში "ეარ ფრანსის" რეისით გამოფრინდა. იმ დროს როცა ზურაბიშვილი რეგულარული რეისით დაფრინავს სამთავრობო თვითმფრინავი, რომელიც პრეზიდენტს უნდა ემსახურებოდეს პრემიერის განკარგულებაშია. 

ევროპული ტურნეს ხარჯები პრეზიდენტმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. 

რვა დღე და შვიდი ღამე ევროპაში,  შეხვედრა სამ პრეზიდენტთან,  თვითმფრინავიდან მატარებელში,მატარებლიდან მეორე მატარებელში, ოთხი გადაჯდომა და 10 საათი გზაში ბერლინიდან ბრიუსელამდე. მერე ისევ მატარებლით ბრიუსელიდან პარიზამდე და ბოლო გაჩერება თბილისი - პრეზიდენტის გზა, ნახეთ "შაბათის ეთერის" სპეციალური რეპორტაჟი.