უდაბნოს გზა - სანამ მთავრობა სიმდიდრეში იძირება, ლუკმაპურის მაძიებლები ისრაელის უდაბნოში კვდებიან
წეროვანის დევნილთა დასახლებაში. 28 წლის ჯარჯი სუხაშვილს გლოვობენ. ახალგორიდან დევნილ ქალს შვილიშვილი ისრაელი იორდანიის საზღვარზე გაუწყლოვნებით გარდაეცვალა. ახალგაზრდა, ბიჭი რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მშობლიური ახალგორიდან გამოაძევეს და მისსავე ქვეყანაში დევნილად აქციეს, ისრაელში სამსახურის საძებნელად წავიდა, რომ ლუკმა პურის ფული ეშოვა.
ჯარჯი სუხაშვილი ოთხი დღის განმავლობაში ფეხით უცნობი ადამიანების 5 კაციან ჯგუფთან ერთად ცდილობდა ისრაელის საზღვარს მიახლოებოდა, თუმცა უშედეგოდ. 47 გრადუსიან სიცხეში მისი გადარჩენა არალეგალურად გადამსვლელთა ჯგუფის ვერცერთმა წევრმა ვერ შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცი კომაში ჩავარდა და ხელებში ჩააკვდა. ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორ აღმოჩნდა ჯარჯი უდაბნოში.
ჯარჯი სუხაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დამოუკიდებლად ამ სახიფათო გზას თავად არასდროს აირჩევდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არასდროს მიიღებდა უცხო ქვეყანაში წასვლის გადაწყვეტილებას.
ყველაფერი 4 აგვისტოს დაიწყო, ჯარჯი სუხაშვილმა დედას უთხრა, რომ ის ქობულეთში მეგობრების სანახავად მიდიოდა. ამ დღეს ნახეს ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრებმა. 8 აგვისტოს კი იორდანიიდან მიღებული უმძიმესი ცნობის შემდეგ დადგინდა, რომ ჯარჯი სახლიდან არა ქობულეთში, არამედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისიდან დოჰაში იქიდან კი იორდანიაში ჩავიდა. მძიმე გზის ფეხით გავლა ახალგაზრდა მამაკაცმა წეროვანის დევნილთა დასახლებიდან 5 ივლისს დაიწყო. ისრაელში ის ერთხელ უკვე ნამყოფი იყო, თუმცა ქვეყანაში არ შეუშვეს. სახლში დედისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ის კიდევ ცდიდა ამ ქვეყანაში წასვლას, რადგან დასაქმების შანსი ჰქონდა.
გერმანიისა და ესპანეთში მუშაობის შემდეგ ჯარჯი სუხაშვილმა ამჯერად ისრაელში დააპირა ჩასვლა . ოჯახი დარწმუნებულია, რომ შუამავალმა მოატყუა. დაჰპირდა რომ ქვეყანაში შეიყვანდა. ისრაელის საზღვრამდე სულ რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი როდესაც ჯარჯის სუნთქვა გაუჭირდა. ქართველი არალეგალების ჯგუფმა 28 წლის კაცის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ჯარჯი სუხაშვილისგან განსხვავებით გიორგი გიორგობიანს გაცნობიერებული ჰქონდა ის რისკები, რომლებიც მას იორდანია-ისრაელის საზღვარზე უნდა გაევლო. 32 წლის ახალგაზრდა კაცი ქუთაისიდან ერთი თვის განმავლობაში ელოდებოდა იორდანიაში ისრაელში შესასვლელ ყველაზე უსაფრთხო გზის მარშრუტს.
ახალგაზრდა კაცი მშობლიურ მხარეში სამი დღის წინ დაკრძალეს. მძიმე ცნობა იორდანია - ისრაელის საზღვრიდან იმერეთში 27 აგვისტოს ჩამოვიდა. გიორგი გიორგობიანმა ისრაელის საზღვრამდე მისვლა ვერ მოახერხა , ის გზაში შეუძლოდ გახდა და ბოლო ზარიც მისივე ნომრიდან ისრაელში მის მეგობრებთან გაისმა. ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებს დახმარებას სთხოვდა.