პრეზიდენტს არაკონსტიტუციური ვიზიტისთვის ბიუჯეტის ხარჯი რომ გაეწია, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც - კობახიძე
პრეზიდენტს არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით ბიუჯეტის ხარჯიც რომ გაეწია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს.
კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს მიუღებელია.
„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი მხრიდან ეს არის საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახ არღვევდა კონსტიტუციას. რომ არღვევდა ეს ისედაც დღესავით ნათელია, მაგრამ მან მისცა პირდაპირი ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და მან ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ გურიაში მედიასთან.