კორუფცია თუ გაფლანგვა - პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურას თემურ ჯანაშიაც მიმართავს
მელაძის შაბათში გასული რეპორტაჟის შემდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი ახალი განცხადება შევიდა. საგამოძიებო უწყებასთან პრეტენზიები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიასაც აქვს, რომელსაც "ოცნებამ" გამოძიებამ პიჯაკების საქმეზე სააკაშვილთან ერთად წარუდგინა ბრალი.
თეიმურაზ ჯანაშია და მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. განცხადებას გენერალურ პროკურატურაში ადვოკატი დღეს, დღის განმავლობაში შეიტანს.
ფრენების ხარჯი ფიგურირებს ექს პრეზიდენტის და მისი დაცვის ყოფილი უფროსის სისხლის სამართლის საქმეშიც, ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ რასაც ჯანაშიას და სააკაშვილს ედავებიან, ის ღარიბაშვილმა გაიმეორა.
თემურ ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დოკუმენტებს აყალბებს და თავის მართლებისთვის ემზადება.
ზოგადად, ის საუბარი, რომ ვიღაცამ იქირავა სახელმწიფოს ბორდი ნომერი ერთი, ეს არის აბსოლუტური დაცინვა. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ვთქვათ, უზრუნველყოფის სამსახურს მიაწოდეს კალკულაცია გადაფრენის, უზრუნველყოფის სამსახურმა დაამატა ამას თავისი მოგება და მოაწერინა ხელი ღარიბაშვილს. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ახლა მიმდინარეობს ამ საბუთების ფალსიფიცირება,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები სახეზეა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს არის კორუფცია, თუ გაფლანგვა.
საჯაროდ, კადრებით დასტურდება, რომ სენატორ ბაიდენს ხვდება მიხეილ სააკაშვილი, ავღანეთში შეხვდა ქართველ სამხედროებს და ამ ფაქტებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო არაპროტოკოლური, წინასწარ გაუწერელი შეხვედრები, ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ბრალდება აქვს წარდგენილი. ღარიბაშვილი ცალსახად პირადი მიზნებით იყენებს სახელმწიფო ქონებას და ხარჯავს მრავალ ათეულ ათას ლარს,“ - ამბობს ბექა ბასილაია.