იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - რომელი დეპუტატები აწერენ ხელს პრეზიდენტის გადაყენებას

11.09.23 13:27
იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - რომელი დეპუტატები აწერენ ხელს პრეზიდენტის გადაყენებას

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი ოფიციალურად უკვე დაწყებულია - პარლამენტში მმართველმა პარტიამ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე იმპიჩმენტის დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა უკვე დაადგინა და ახლა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს.

იმპიჩმენტის დოკუმენტზე პირველი ხელმომწერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მის გარდა, ხელმომწერთა პირველ სამეულში არის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

საკონსტიტუციო წარდგინებაში მითითებულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის დარღვევაზე - პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. კონსტიტუციის ამავე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სრული ლუსტრაციის შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სიახლეები