უკანონოდ მითვისებულ სახელმწიფო მიწებზე ამნისტია გამოცხადდება

11.09.23 14:33
უკანონოდ მითვისებულ სახელმწიფო მიწებზე ამნისტია გამოცხადდება

ამნისტია მიწის ნაკვეთების მისაკუთრებაზე - პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტია გამოცხადდება იმ დანაშაულებზე, რომელიც უკანონოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ეხება. ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, ამნისტიის შედეგად მოქალაქეებს შეეძლებათ დააბრუნონ მიწის ნაკვეთები, ან გადაიხადონ მისი საფასური.

ჩვენმა მოქალაქეებმა ბევრმა დაირეგისტრირეს უკანონოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, პარლამენტთან, და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.

ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ან სახელმწიფო საწარმოს, სსიპ-ების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ დატოვების გზით, თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის გადახდის გზით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ის პირი გათავისუფლდება პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებულ ზიანს.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, საკითხზე პროექტი უკვე მომზადებულია და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

მსგავსი სიახლეები