ოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

11.09.23 15:52
ოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

ოპოზიცია მოითხოვს გამოქვეყნდეს იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც შოვის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გარემოს დაცვის სააგენტოდან საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.

დასადგენია, ვინ გამოიჩინა გულგრილობა, რამაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარემოს დაცვის კომიტეტი პარლამენტში პირველად შეიკრიბა, თუმცა შოვის ნაცვლად დეპუტატებმა საავტომობილო ტრანსპორტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. 

პარტია "ლელოს" წარმომადგენელ სალომე სამადაშვილის თქმით, საჭირო იყო, სწორედ შოვის ტრაგედიას დასთმობოდა უფრო მეტი ყურადღება, კომიტეტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში იგეგმება გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტოს მოსმენა. დარბაზში იყო მინისტრ ლევან დავითაშვილის მოადგილეც. 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომიტეტზე კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, მედიაში გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ მთავარი კითხვა, იყო თუ არა ადამიანების დახოცვის თავიდან აცილება შესაძლებელი, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

შოვის ტრაგედია და ბავშვების დახოცვა, შეიძლებოდა თუ არა რომ თავიდან აგვერიდებინა. ამ საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარეს არ სურს სხდომის ჩატარება. უნდა გასაჯაროვდეს სია, ვის ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ვის ევალებოდა ამაზე რეაგირება, ვინ არ გააკეთა რეაგირება და გავიგოთ ბოლოს და ბოლოს კალაძემ იცოდა წინასწარ, რომ მეწყერი იქნებოდა და ამიტომ წამოიყვანა თავისი ოჯახი იქიდან, იმიტომ, რომ იმ პირებს შორის იყო, ვინც იცოდა და გაფრთხილებული იყო სტიქია იყო მოსალოდნელი და სხვისი შვილები დატოვა იქ "ქართულმა ოცნებამ" და კახი კალაძემ დასაღუპად თუ არა, ამაზე პასუხი გვჭირდება", - ამბობს პარტია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, უნდა გასაჯაროვდეს ისიც, თუ ვინ რა გააკეთა სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით. კორძაია ამბობს იმასაც, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა - რას აკეთებს სახელმწიფო ამ უბედურებებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა უნდა გასაჯაროვდეს, ვინც მიღო, მერე ვინ რა გააკეთა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა მსხვერპლი, უნდა იქნეს შესწავლილი და მერე დადგეს სათანადო პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ის, რომ სტიქიური უბედურებები ხდება ყველამ ვიცით, მაგრამ ამ უბედურებებთან დაკავშირებით სახელმწიფო რას აკეთებს, რომ ადამიანები დაიცვას ამაზე ვეძებთ ჩვენ პასუხისებს. წლებია უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება და როდესაც ვსვამთ შეკითხვას პრემიერი გვპასუხობს, რომ ისინი ელექტრონულად არიან მუდმივად კავშირზე, აღმოჩნდა, რომ ელექტრონული კავშირი საერთოდ არ მუშაობს", - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია.

 

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს საზოგადოებაში ოპოზიციას შეეძლება გააჟღეროს სხდომათა დარბაზში.

მსგავსი სიახლეები