როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი - პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება

11.09.23 17:08
როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი - პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება

პოლიტიკური კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთის წინ ექს პრემიერის პარტიის წევრებს - ანა ბუჩუკურს და ნათია მეზვრიშვილს შეხვდა.

კონსულტაციები პრეზიდენტის რეზიდენციაში დილიდან მიმდინარეობს - ქალ პოლიტიკოსებთან ერთად ზურაბიშვილი მსჯელობს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" საბოტაჟის ფონზე საქართველომ  კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. შეხვედრა ოპოზიციასთან პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ევროინტეგრაციას. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი არ დაიხურება. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

პრეზიდენტი შეხვდა ასევე "ევროოპტიმისტების" წევრს ხატია დეკანოიძეს. საუბრის თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტატუსის მიღება იყო. როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის "ოცნების" იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

საუბარი შეეხებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, რაზეც დღეს ვართ. მათ შორის, ხშირად ვუზიარებთ და გვიზიარებს ხოლმე ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტი და ნამდვილად მისი მთავარი ძალისხმევა, როგორც თქვა, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მე ვუთხარი პირადად, ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომ მე არ დავუჭერ იმპიჩმენტს მხარს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები