12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - რას პასუხობს მინისტრი მშობლების პროტესტს
12 სკოლაში სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს - ფაქტს განათლების მინისტრი ადასტურებს.
გიორგი ამილახვარი იმ მშობლებსაც პასუხობს, რომლებიც სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გიორგი ამილახვარი მათ ურჩევს საკითხს გაგებით მოეკიდონ.
მინდა საზოგადოებას და ყველას ვთხოვო,რომ გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ პროცესს, ვინაიდან, სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“ , - განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, სარემონტო ინფრასტრუქტურის დაგვიანების შემთხვევები ნამდვილად არსებობს. მინისტრი პირობას დებს, რომ მიმართავენ კანონის ყველაზე მკაცრ საშუალებას:
„გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს იმ ვადაგადაცილების აღმოფხვრა, რომელიც არის. დაახლოებით ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, - განაცხადა ამილახვარმა.