არ ვიცი, რამდენად გაბრაზებულია ივანიშვილი - ბესელია პრემიერის სკანდალურ ჩარტერზე
„არ ვიცი, ივანიშვილი რამდენად გაბრაზებულია, შეიძლება იყოს,“ - ეს განცხადება ეკა ბესელიამ „დღის ამბებში“ გააკეთა. ბესელია პრემიერს სკანდალურ ჩარტერს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა რთული სათქმელია, რა პოზიცია ექნება ამაზე ივანიშვილს.
ეკა ბესელია გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავდეს, როგორ მდიდრდებიან თუნდაც დეპუტატები, რომელთა ხელფასებიც რეალურად მაღალი არ არის. ბესელიას თქმით, სწორედ კორუფციაა ის ფუნდამენტი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ დგას.
ის, რომ შეუძლებელია, ვერ ხედავდე, როგორ ხდებოდა ამ შემთხვევით მოსული ადამიანების პარლამენტში - კობახიძის დაწყებული, მდინარაძე, მათიკაშვილი, ეს ხალხი როგორ მდიდრდებოდა, როგორ ხდებოდა მათი ქონებრივი შემოსავლების ასე ზრდა, ამაზე რომ თვალს ხუჭავ, ეს იმას ნიშნავს,რომ ეს ნებადართულია“, - ამბობს ბესელია.
ეკა ბესელია „დღის ამბებში“ იხსენებს, როგორი იყო ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო. როგორც ბესელია ამბობს, მაშინ ივანიშვილს ნათლად ჰქონდა გაცხადებული, რომ კორუფცია მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა, ის ფაქტები, რაც ბოლო წლებში საჯაროვდება - გამდიდრებული მაღალჩინოსნების შესახებ, ბესელიას სხვა დასკვნების გაკეთების საფუძველს უქმნის.
როგორც ბესელია ამბობს, კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც უმრავლესობის რიგებში იყო.
ორი სხვადასხვა რეალობაა,რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება - მე ვიცნობდი იმ ივანიშვილთან, რომელიც ამბობდა და ესმოდა ჩემ გარდა, სხვა ადამიანებსაც, ვინც პირველივე დღიდან მის გვერდით იდგამ, თუმცა, ისინი "ქართულ ოცნებაში" აღარ არიან, მაგრამ ვისაც ახსოვს ემახსოვრებათ, როდესაც ამბობდა, რომ ბიუჯეტის ფულს არავინ ხელი არ უნდა მოკიდოს და კორუფციას არ დავუშვებ ჩემს გუნდში, ასეთი რეალობის შემსწრე ვიყავი და მეგონა, ასე უნდა ყოფილიყო მართვის სისტემა. ესეც მესმოდა მისგან, როცა ეუბნებოდა ბიზნესმენებს, რომ რა გინდათ პარლამენტში, წადით ბიზნესი აკეთეთ, თუ მიდიხარ სახელმწიფო სამსახურში, უნდა იყო შენს ხელფასზე - აი, ამ მოდელიდან, როგორ მოხდა ტრანსფორმირება იმ მოდელამდე, რაც დღეს მივიღეთ, ანუ წესები, რომელიც კარგია და ნორმალურია, ამ იდეის მატარებლის გვერდით ვიდექი, მერე როგორ გადაითარგმნა ისე, რომ კორუფცია ვნახეთ სასამართლოში, ვნახეთ როგორ მონაწილეობდნენ ტენდერებში და კორუფციულ სქემებში თვითონ პარლამენტის წევრები, ეს გაუგებარია.
მქონდა ამაზე საუბარი დახურულ უმრავლესობის სხდომაზე, როცა ვთქვი, რომ არის ასეთი ფაქტები და მე ამას ვხედავდი ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, როდესაც ვიყავი ფოთის დეპუტატი და ვხედავდი, კორუფციული სქემები, როგორ ლაგდებოდა. დღეს რადგან ამაზე უკვე რეაგირება აღარ ხდება, ჩვენ ყველგან ვხედავთ კორუფციის მაგალითებს, ინტერესთა კონფლიქტებს. დეპუტატები, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ პარლამენტის წევრობამდე, ქონებრივი დეკლარაციები როგორ იცვლება პარლამენტში მოსვლის შემდეგ, და ამაზე თვალს ხუჭავს ყველა. თვითონ არ ვიცი, რა დოზით და ფორმით არის ჩართული, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ თუ რამე კრავს ამ ადამიანებს, ეს არის კორუფცია, კომერციული პირადი ეკონომიკური ინტერესები. ეს გუნდი ღირებულებებზე არ დგას,“ - განაცხადა ბესელიამ.