რა უნდა გამოექვეყნებინა პრემიერს სკანდალური ჩარტერის შესახებ - ხიდაშელი სამ დოკუმენტს ასახელებს

11.09.23 19:40
რა უნდა გამოექვეყნებინა პრემიერს სკანდალური ჩარტერის შესახებ - ხიდაშელი სამ დოკუმენტს ასახელებს

პრემიერის სკანდალური ჩარტერი - თინა ხიდაშელი სამ მთავარ დოკუმენტს ასახელებს, რაც პრემიერს უნდა გამოექვეყნებინა იმ შემთხვევაში, თუ მას სახელმწიფო სახსრებით არ უსარგებლია ან მისი გავლენა არ გამოუყენებია.

როგორც ხიდაშელი ამბობს, ჩარტერული ფრენა იმ შემთხვევაშიც კი პრობლემური იქნება, თუ დადგინდება, რომ პრემიერ ღარიბაშვილს სახელმწიფო სახსრებით არ უსარგებლია. ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს მოუწევს საზოგადოებას აუხსნას, საიდან აქვს ჩარტერული ფრენისთვის თანხა, მაშინ, როდესაც მისი დეკლარაციის მიხედვით, მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. 

არავითარი მითქმა-მოთქმა, საუბარი, სპეციალური რეპორტაჟები არ იქნებოდა, მათ პირველივე წუთებში უნდა გამოექვეყნებინათ რამდენიმე დოკუმენტი, ეს იყო თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმროს რეზერვაცია და გადახდის დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი პირადიდან არის გადახდილი ეს ხარჯები.

თავისთავად ესეც ვერ აგვარებს პრობლემას, თუ დადასტურდა, რომ მან პირადი ხარჯით გადაიხადა, იმიტომ, რომ მისი დეკლარაციის შესაბამისად, მას ამ ხარჯების შესაძლებლობა არ აქვს. ოფიციალურად მის მიერ დეკლარირებული დოკუმენტაციის მიხედვით, მას ამ ხარჯის გაწევა არ შეუძლია. მის ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს, 4 შვილი ჰყავს, მისი დეკლარირებული ფინანსური შესაძლებლობა მას მსგავსი ფუფუნების შესაძლებლობას არ აძლევს.

შესაბამისად, პრემიერს მოუწევს ან იმის ჩვენება საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდა ეს ფრენა, ან იმის თქმა, რომ მან პირადად გადაიხადა ფული, რომელიც მას არ ჰქონდა. დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა და ამის მიზეზი ისიც არის, რომ თავიდან, როდესაც ეს ამბავი დაიწყო, PR სამსახურმა გადაწყვიტა ტყუილის თქმა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიმართლის დამალვა,“ - ამბობს ხიდაშელი.