პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა - ბორელი
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებაში წერს, რომელიც EU-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ქვეყანა რომ ევროკავშირის კანდიდატი გახდეს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად, კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს.
ამაზე ვისაუბრე ქართველ პარლამენტარებთან, უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა კი კოოპერატიული. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან"- აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია":
პრეზიდენტი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან"- წერს ბორელი.