პრეზიდენტის იმპიჩმენტი - "ოცნება" არ გამორიცხავს, რომ 100 ხმას მოაგროვებს
"ოცნება" არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის განხილვის მომენტში პარლამენტში საკმარისი ხმები მოაგროვოს და სალომე ზურაბიშვილი გადააყენოს.
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ზუსტად ამ პროცესში გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური ჯგუფი იცავს ქვეყნის კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ გზას.
უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ გააჩნია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმპიჩმენტის განხილვის მომენტში იყოს საკმარისი ხმები ან მეორე მომენტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი იცავს ქვეყნის კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ გზას და ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აყოლილები, ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონს".- ამბობს მათიკაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროპული ტურნეს დროს სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.
დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.