"ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციოშია - რა იქნება შემდეგ (უსუფაშვილის განმარტება)
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ როგორი დასკვნაც არ უნდა დადოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.
უსუფაშვილის თქმით, ყველაზე უფრო არაკეთილმოსურნე ამაზე უარესს ვერც მოიფიქრებდა, რასაც ახლა "ოცნება" პრეზიდენტის მისამართით აკეთებს, თან ასეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი წყდება.
კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იქნება სარეკომენდაციო ხასიათის. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე ვერ მივა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე უფრო არაკეთილმოსურნე ამაზე უარესს ვერც მოიფიქრებდა რამეს და ვერც დაგეგმავდა, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის გადაწყვეტილების მომწიფების მომენტში საკუთარ პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრება, რატომ წახვედი ევროპაში საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლადო". - ამბობს უსუფაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროპული ტურნეს დროს სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.
დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.