არ მგონია, რომ "ოცნების" პირობებში ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულების რესურსი ჰქონდეს - სამადაშვილი

12.09.23 13:32
არ მგონია, რომ "ოცნების" პირობებში ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულების რესურსი ჰქონდეს - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ჯოზეფ ბორელის მწვავე გზავნილებს ეხმიანება და ამბობს, "ქართული ოცნების" პირობებში ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულების რესურსი არ აქვს. ოპოზიციის წევრის თქმით, ევროკომისარმა საქართველოში ვიზიტის დროს კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ არ ისწრაფის. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვფიქრობ, საქართველოდან წავიდა ძალიან ჩაფიქრებული, იმიტომ, რომ ის აშკარად ჩამოვიდა კეთილგანწყობილი და განწყობილი იმისთვის, რომ მისი ვიზიტი გამხდარიყო ხელშემწყობი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. ის რეალობა, რაც აქ დახვდა „ქართული ოცნების“ სახით, ვფიქრობ, რომ მისთვის აღმოჩნდა ძალიან ნათელი სიგნალი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ჩაშალოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. შესაბამისად, ეს გაფრთხილებაც არის გზავნილი ყველასთვიც, ვინც აპირებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. მე არ მგონია, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ოპოზიციას რაიმე რესურსი აქვს, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. ის, რომ „ქართული ოცნება“ მოთხოვნებს შეასრულებს, მემგონი, ამის არავის არ სჯერა, მათ შორის, ევროპაშიც, - ამბობს სამადაშვილი.