"სევდიანია და ტრაგიკომიკური ის ამბავი, რომ "ჩვენგან იცავენ პრეზიდენტს" - ოდიშარია

12.09.23 13:58
"სევდიანია და ტრაგიკომიკური ის ამბავი, რომ "ჩვენგან იცავენ პრეზიდენტს" - ოდიშარია

სევდიანია და ტრაგიკომიკური ის ამბავი, რომ "ჩვენგან იცავენ პრეზიდენტს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციის გადაფარებას სალომე ზურაბიშვილზე.

მისი თქმით, არავის უხარია ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობა, თუმცა უკვირს ოპოზიცია პრეზიდენტს უკანასკნელი სიტყვებით რომ "აგინებდა", ახლა რატომ გახდა მისი დამცველი. 

ოდიშარია ამბობს, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის თავიანთი დღის წესრიგში ჩასმას ცდილობს.

პროცესი პრეზიდენტთან დაკავშირებით, ბუნებრივია არ არის სასიამოვნო და არავის ეს არ უხარია, სევდიანია და ტრაგიკომიკური ის ამბავი, რომ "ჩვენგან იცავენ პრეზიდენტს" ადამიანები, რომლებიც უკანასკნელი სიტყვებით აგინებდნენ ამ ჭარმაგ ქალბატონს, რომლისთვისაც და რომლის გაპრეზიდენტებისთვისაც და რომლის მხარდაჭერისთვისაც ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა და ამ ადამიანებმა კი უწოდეს მოღალატე. ისინი ცდილობენ, რომ პრეზიდენტი ჩასვან თავიანთ დღის წესრიგში, სამწუხაროდ ხანდახან ახერხებენ, რითაც ცდილობენ ის გამოიყენონ", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის  დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ  ევროპული ტურნეს დროს სალომე  ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.

დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.