პრეზიდენტის იმპიჩმენტი - სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციის ნაწილი ქრთამით მოისყიდოს
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ქრთამი გადაუხადოს ოპოზიციის ზოგიერთ წევრს და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმა მიაცემინოს.
სამადაშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის დროს არაფერი დაიმალება და გამოჩნდება, თუ ვინ სად დგას.
თუ ეს 100 ხმა მოგროვდა, ჩვენ გვექნება საქმე რამდენიმე ტიპის დანაშაულთან, საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან. ეს იქნება ქრთამის აღება, იმიტომ, რომ ალბათ "ოცნება" ფიქრობს რომ შეუძლია ვიღაცის მოსყიდვა. ეს იქნება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. კენჭისყრა შედგება, ვერავინ დაიმალება და ნათლად გამოჩნდება, ვინ სად დგას". - განაცხადა სამადაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" სარჩელი შევიდა. მოსამართლეთა პლენუმს ახლა მაგიდაზე ირაკლი კობახიძის დასაბუთება უდევს, რომლითაც "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ევროპული ტურნეს დროს სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ პროცესით კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად იწყება. რამდენიმე კვირიანი დაპირების ფონზე კი "ოცნება" აანონსებს, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას და მის სატელიტებს ხმები არ ჰყოფნით, თუმცა პრეზიდენტის გადაყენება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს გადაიბირებენ.
დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სარჩელი გასაჯაროვდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე ექნება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.