საქართველოში პოლარიზაციას უცხოური აგენტურა აღვივებს - კობახიძე
ჯოზეფ ბორელის მწვავე გზავნილების მიუხედავად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება მათზე დამოკიდებული არ არის. ირაკლი კობახიძე ხელს ისევ ოპოზიციასა და მესამე სექტორისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციას "უცხოელი აგენტები" აღრმავებენ. "ოცნების" ლიერი ირწმუნება, რომ პოლარიზაციას არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა იწვევს.
დეპოლარიზაცია არის, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამოცანა. რეკომენდაციის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“ , ხელისუფლებაზე. იცით, რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს და მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა, შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართელოსი, მანამდე პოლარიზაცია იქნება. ვგულისხმობ, შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეობს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მთავარი პატრონებისგან. პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, - ამბობს კობახიძე.