ღარიბაშვილმა დანაშაული ირიბად დაადასტურა - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას არ სჯერა, რომ პრემიერის ჩარტერი მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაუფინანსა. ბოკერია ამ განმარტებას ბოდვას და ზღაპარს უწოდებს.
ამასთან, ოპოზიციის წევრის თქმით, პრემიერმა თავისი განცხადებით დღეს, ფაქტობრივად, დანაშაული ირიბად დაადასტურა. ბოკერია ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების ხელში ქვეყანა წინ ვერ წავა.
ვინ დაიჯერებს ახლა ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, ღარიბაშვილის განცხადების მერე, რომელმაც ირიბად დაადასტურა, რომ ხო, უბრალოდ, წინა მთავრობა უფრო უარესად იქცეოდა, წინა პრეზიდენტიო, ეს თქვა მან და აქ რაზეც მთავარი ყურადღება უნდა იყოს საზოგადოების, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ასეა აწყობილი. მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება პერსონებს ივანიშვილის მიერ შერჩეულ ამა თუ იმ თანამდებობაზე კანონების და წესების და რეგულაციების მიღმა და ეს ხდება რაიმე ეროვნული ამოცანებისთვის კი არა, უბრალოდ, პერსონალური კომფორტისთვის და ამ ყველაფრის გამართლება ხდება წარსულის არასწორი ნაბიჯებით. აქედან დასკვნა ერთადერთია, რომ ამ რეჟიმის ხელში წინსვლა ვერ იქნება ვერცერთი მიმართულებით, მხოლოდ ჩიხში შევალთ უფრო ღრმად, - ამბობს ბოკერია.