შალვა პაპუაშვილმა OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს - OC Media
OC Media წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს. უარის მიღების შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.
OC Media წერს, რომ მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
OC Media-ს ინფორმაციით, დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მათ თავად ნახეს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო აღქმას ეყრდნობა".
ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წერილში.
აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ისინი "გაკვირვებულები" დარჩნენ წერილით. "გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა," - თქვეს მათ.
თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით 28 ივნისს მიმართა. მგელაძემ მედიისთვის ტექსტის ჩვენებაზე უარი განაცხადა, სანამ რედაქცია არ დაადასტურებდა, რომ მოსაზრებას გამოაქვეყნებდა. მას შემდეგ, რაც ოფისმა შეიტყო, რომ სრულად ნახვის გარეშე კონტენტის გამოქვეყნების გარანტია არ არსებობდა, სპიკერმა მხოლოდ სათაური გამოგზავნა — "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია”. მედიას პაპუაშვილის ოფისმა მიაწოდა ასევე ტექსტის პირველი აბზაცი.
OC Media-ს რედაქციამ ტექსტზე უარი თქვა. პაპუაშვილმა მოგვიანებით საკუთარი ნააზრევი X-ის პერსონალურ გვერდზე [ყოფილი ტვიტერი] გამოაქვეყნა.
OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა.
ჩვენ ჩვენს ჩვეულ ჟურნალისტურ საქმიანობაში ვისწრაფვით, რომ ადეკვატურად გამოვხატოთ ყველა მხარის პოზიცია, მათ შორის — საქართველოს მთავრობისაც. ეს არის მისია, რომელსაც მთავრობის მტრული დამოკიდებულება მედიის მიმართ ხშირად შეუძლებელს ხდის. მთავრობა ხშირად არ გვცემს პასუხს კითხვებზე, მათ შორის — ყველაზე უწყინარზეც. ჩვენი ჟურნალისტების წერილები უპასუხოდ რჩება, ზარებზე კი იშვიათად გვპასუხობენ.
გარდა ამისა, უკიდურესად ყურადღებიანები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაქვეყნებთ ჩვენი მოსაზრებების სექციაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივადაც გადამოწმებული იყოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს — ეს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის უფლებაა.
ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე — საკუთარ ხალხთან. დიდი შანსი იყო, რომ ოპ-ედი უბრალოდ გულწრფელი არ იქნებოდა.
სწორედ ამ ფაქტორებით ვიხელმძღვანელეთ, როცა მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა," - ამბობს ფაბრო.
მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი აცხადებს, რომ დონორებთან დაკავშირება როგორც კონკრეტულად ამ გამოცემის, ასევე, ზოგადად, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პირდაპირი დარტყმაა. მან არ გამორიცხა სპიკერის მხრიდან შემდგომი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით ინციდენტის გასაჯაროება.
არ გაგვიკვირდება, თუ ამას "დაუგეგმავი" აუდიტი ან ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მოჰყვება. ასევე შეშფოთებულები ვართ ოფისისა და თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხით, რადგან მთავრობამ უკვე შექმნა ჟურნალისტებზე თვალთვალის პრეცენდენტი. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი აჩვენებს გაშუქების ძალას და რომ საქართველოს მთავრობას აშინებს ჩვენი მუშაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჟურნალიზმი ბრიუსელს, ვაშინგტონსა და სხვა არეალებს სწვდება," - ამბობს ნიკურაძე.