ნადირობა 12 ხმაზე - დაიწყო თუ არა "ოცნებამ" პარლამენტიდან გაუჩინარებული ოპოზიციონერების გადაბირება

13.09.23 10:58
ნადირობა 12 ხმაზე - დაიწყო თუ არა "ოცნებამ" პარლამენტიდან გაუჩინარებული ოპოზიციონერების გადაბირება

ნადირობა 12 ხმაზე - დაიწყო თუ არა "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებელი დეპუტატების და პარლამენტიდან გაუჩინარებული ოპოზიციონერების გადაბირება?

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 12 ხმა აკლია, მაგრამ ამ 12 ხმის რესურსი შესაძლოა, დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოიძებნოს.

"ქართული ოცნება" კამერების წინ, დეპუტატებთან ვაჭრობას უარყოფს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საკუთარ გუნდთან მუშაობენ და ეცდებიან, იმპიჩმენტის პროცედურის დღეს მმართველი პარტიის ყველა დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყოს. 

ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული, ეს არის ერთადერთი რაზეც ჩვენ ვზრუნავთ,არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან მუშაობა ამ თემაზე. დაველოდოთ 12 ოქტომბერს, ამის შემდეგ უკვე გაიმართება საპარლამენტო განხილვა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

"ოცნების" თავმჯდომარემ დღეს "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერების წლების წინ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაირკვევა, მოატყუა თუ არა ენმ-მ 2018 წელს ამომრჩეველი, როცა პრეზიდენტს "რეზიდენტს" ეძახდა. 

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუ არ გადააყენებს კოლექტიური ნაცმოძრაობა სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი, ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი.

კითხვა დღის წესრიგში ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირების შესახებ მას შემდეგ დადგა რაც პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებზე პირდაპირ თქვა, რომ იმპიჩმენტს ელოდება. 

ბუნებრივია ის, რომ ქართული ოცნება ეცდება გადაიბიროს 12 დეპუტატი, გარდა ფრიდონ ინჯიას 4 დეპუტატისა, იმისთვის რომ 100 კაცი, მხარდამჭერი ჰყავდეს და პრეზიდენტი გადააყენონ"- აცხადებს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ახლა აქ მთავარი კითხვაა, ვინ შეასრულებს "ქართლი ოცნების" დაკვეთას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.

ყველამ თავის გადაწყვეტილებაზე პასუხი უნდა აგოს, ვიღაცა შევა დარბაზში, ვიღაცა არ შევა, ეს პრობლემას არ ქმნის, აქ მთავარი არის ის, რომ ღილაკს ხელს ვინ მიაჭერს და ვინ გაამწვანებს ქართული ოცნების პოლიტიკურ დაკვეთას", - ამბობს თეონა აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები