ხელისუფლება თავისუფალი მედიის გაკონტროლებას ყველა გზით ცდილობს - მედიაექსპერტები
თავისუფალი მედიის გაკონტროლების მცდელობა, - ასე აფასებენ მედიაექსპერტები შალვა პაპუაშვილის მიერ "OC Media"-ს წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება თავისუფალი მედიის ჩახშობას სხვა და სხვა გზით ცდილობს, მათ შორის ახალისებს ძალადობას და ახლა უკვე მათთვის დაფინანსების შეწყვეტასაც ითხოვს.
ონლაინ მედია საქართველოში, ძირითადი ფინანსები იმისთვის, რომ გადარჩეს, არის დონორი ორგანიზაციებიდან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი არის მცდელობა, რომ აკონტროლონ ონლაინ მედია. რუსული კანონის მიღებაც, მათ შორის, ამის მცდელობა იყო. ეს ჩაუვარდათ. ხელისუფლება ცდილობს, რომ მედია შეზღუდოს სხვა და სხვა გზით, იქნება ეს ძალადობის წახალისება, მათი მხრიდან ძალადობრივი რიტორიკა, ფინანსუი კანონმდებლობის შემოღების მცდელობა და შემოღება და ახლა უკვე ახალი ნაბიჯი დონორებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ თავისუფალ მედიას ეს წყაროც შეეზღუდოს, რაც ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე.
ფაქტს ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს მედიაომბუსდმენი ნათია კაპანაძეც.
მკაფიოდ უნდა დავრქვათ თავის სახელი. ეს არის ჟურნალისტებზე ზეწოლის კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე თავისი მნიშნელოვანი ტრიბუნის გამოყენებით ცდილობს. ცხადია, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დონორები ყოველთვის გამოიკვლევენ და კრიტიკულად შეხედავენ ნებისმიერ მცდელობას ჟურნალისტთა გაჩუმების და კრიტიკული აზრის ჩახშობის. მჯერა, რომ ჟურნალისტებისთვის ეს არ იქნება დამთრგუნველი და დამაშინებელი, თუმცა ეს არის პირდაპირი ცენზურა, რომელსაც საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ღიად აკეთებს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დირქტორი ნათია კაპანაძე.
კრიტიკულ გამოცემის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორი ამჯერად შალვა პაპუაშვილია. პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნებაზე „OC„ მედიამ უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილი გაბრაზდა, ორგანიზაციის დონორებთან სათითაოდ წერილები გააგზავნა და იმ საერთაშორისო მედიის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა, რომლის კრიტიკული აზრიც არ მოსწონს.