სახელმწიფოს დაზარალებულთა სიაც კი არ აქვს - ანა ნაცვლიშვილი შოვზე დოკუმენტებს ასაჯაროებს
"ასეთი სწრაფი და ეფექტიანია სახელმწიფო შოვში გადარჩენილების მიმართ" - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას არაეფექტური მუშაობისთვის და დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს და კონკრეტულ დოკუმენტებს ასაჯაროებს.
ოპოზიციის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობას შოვის მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების სია არ აქვს და არც ის აქვს შესწავლილი - ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს სამედიცინო თუ სოციალური კუთხით.
"ლელოს" წევრმა საკითხი ჯერ კიდევ 22 აგვისტოს დასვა და შესაბამის სტრუქტურებს მისწერა რას აპირებდნენ გადარჩენილების სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?
30 აგვისტოს სახელმწიფომ გამოსცა შესაბამისი აქტი სადაც წერდნენ, რომ განისაზღვრა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია, თუმცა ირკვევა, რომ 12 სექტემბრის მონაცემებით, ხელისუფლებას დაზარალებული ადამიანების სია არ აქვს,.
ასეთი გულისხმიერი, სწრაფი და ეფექტიანია სახელმწიფო შოვში გადარჩენილების მიმართ!
რომ დასცინა და ეჭვქვეშ დააყენა მათი ბრძოლა გადარჩენისთვის, ეს ყველამ ვნახეთ.
მას შემდეგ, რაც ვუსმინე დაზარალებულებს და მივხვდი, რომ სახელმწიფო არც კი ფიქრობდა რამე გაეკეთებინა მათთვის, ოფიციალურად მივწერე და დავსვი ეს საკითხი ა.წ. 22 აგვისტოს. რას აპირებთ მათი სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? - ეს იყო ჩემი კითხვა.ცოტა შეფხიზლდნენ, როგორც ჩანს, და ა.წ. 30 აგვისტოს გამოსცეს აქტი (ცვლილება), რომლითაც განისაზღვრა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია მათთვის, სახელმწიფოს ხარჯზე.
მაგრამ!
გაგიკვირდებათ და ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური სია შოვის მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების და ცხადია, არც ის აქვთ შესწავლილი - ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს სამედიცინო თუ სოციალური კუთხით.
იქნებ სხვა საჭიროება აქვს ამ ხალხს და არა ფსიქოლოგის? ან სხვა რამე სჭირდებათ სამედიცინო (მაგ. თერაპევტი) თუ სხვა კუთხით?
მხოლოდ ჩემი წერილის შემდეგ გაახსენდათ თავისი ვალდებულება, 30-ში გამოსცეს აქტი და 12 სექტემბერს მწერენ, ჯერ დაზარალებულების სია არ გვაქვს და უწყებებიდან ველოდებითო. ( სახელმწიფო უწყებებს შორის რა ხარისხის კომუნიკაცია და კოორდინაციაა, თავად განსაჯეთ)
ამასთან, საკითხზე არსად არავის სიტყვა არ უთქვამს საჯაროდ, არც ერთ თანამდებობის პირს და უწყებას არ მიუმართავს დაზარალებულებისთვის და არ უთქვამს, რომ მათ აქვთ უფლებები და სახელმწიფო მათ უფლებებს საჭიროებებს მიხედავს.
რატომ ვჩქარობთ?!
რატომ ვბრაზობთ?!
დაველოდოთ რა კიდევ რამდენიმე თვე, სანამ სტრესი და საჭიროებები არ გადაივლის და ამ ადამიანებს მარტო არ მოუწევთ მათთან გამკლავება.
იმაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ეს სერვისი რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ტერიტორიულად, განსაკუთრებით თბილისის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის (ფორმულირებას დააკვირდით).
არც იმას ვიტყვი, რომ პასუხის მოცემის ვადა დაარღვიეს, რატომ, ამას თავადაც მიხვდით უკვე.
პ.ს. ასეთია რეალობა. შოვზე ძიებას ვაგრძელებ, - წერს ნაცვლიშვილი.